ინტერიერი ჰოროსკოპის მიხედვით

Spread the love

თვითოეულ ზოდიაქოს ნიშანს განსხვავებული გემოვნება და დიზაინის სრულიად უჩვეულო აღქმა აქვს. გაინტერესებს როგორი ინტერიერი შეგეფერება ჰოროსკოპის მიხედვით? ქვემოთ მოყვანილია ზოდიაქოს ნიშნებისათვის შესაფერისი ინტერიერის შტრიხები, რასაც დიზაინერები და ასტროლოგები ერთად ადგენენ.

ვერძი

ვერძები უპირატესობას ანიჭებენ თბილი ფერების სპექტრს, (მაგალითად, წითელს, ნარინჯისფერს, ყვითელს), რადგან ცეცხლის სტიქიის ნიშანს წარმოადგენენ. ენერგიულ ვერძებს უყვართ დიდი სივრცის შეგრძნება, მინიმალისტური სტილი, ამიტომ მათთან სახლში ავეჯი მცირე ადგილს იკავებს, თუმცა აუცილებელია ჰქონდეთ ბევრი და კარგად ორგანიზებული სათავსოებიც. ავეჯის სასურველი ფერებია: ნაცრისფერი, ყავისფერი, კრემისფერი ან შავი. ვერძებს უყვართ კომფორტის შეგრძნება, ისინი უპირატესობას ანიჭებენ იატაკზე ხალიჩებს და მათი ინტერიერის აუცილებელი ატრიბუტია ბუხარი. 

კურო

კუროები კომფორტის, სიმდიდრისა და სტაბილურობის მოყვარულნი არიან, არ უყვართ ინტერიერის ხშირად შეცვლა. ისინი უპირატესობას ანიჭებენ მაღალი ხარისხის ავეჯს, ყვავილებიან პრინტებს, იატაკზე ხალიჩებს. მათი სამზრეულოს დიზაინი ყოველთვის გემოვნებიანი და დახვეწილია, რადგან თავად საუკეთესო კულინარები არიან და საამისოდ, ყველა საჭირო პირობა აქვთ შექმნილი. კომფორტის და პრაქტიკულობის შერწყმა მათი უპირველესი მიზანია. ნეიტრალური ფერების ავეჯი და ტექსტილი, ანტიკური ელემენტები, მარტივი ინტერიერი, რომელიც კომფორტზეა ორიენტირებული, კუროს მგრძნობიარე ხასიათის გამოვლენაა. სიმწვანე და ბუნებრივი ყვავილების სიუხვეც შეეფერება ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლის ინტერიერს. 

 ტყუპები

ეს ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი და ხელოვნების მოყვარული ზოდიაქოს ნიშანია. ტყუპები ძირითადად იტალიური მოდერნისტული სტილის გავლენის ქვეშ არიან. მათ უმრავლესობას უყვარს ანტიკვარული ნივთები, თუმცა ახალი და საინტერესო დეკორების შექმნა მათი გატაცებაა. საყვარელი ფერებია ყვითელი,  ნათელი ლურჯი და მწვანე. ტყუპებს უყვართ წვეულებები, შესაბამისად, ისე აწყობენ სამზარეულოს, სადაც ბარის კუთხეს აუცილებლად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ისინი უჩვეულო თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების, ძველი წიგნებისა და ეკლექტური ნივთების შეგროვების დიდი მოყვარულებიც არიან. 

 კირჩხიბი

კირჩხიბი ძალიან ტრადიციული ზოდიაქოს ნიშანია, რომლისთვისაც მემკვიდრეობით მიღებული ნივთები უძვირფასესია. ოჯახური რელიქვიები და ფოტოები განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ინტერიერის დიზაინში. კირჩხიბის სახლი აუცილებლად კარგად განათებული უნდა იყოს, ძირითადი ფერებია ცისფერი, ლურჯი და მწვანე. უყვრს დიდი, რბილი სავარძლები, სასადილო ოთახის მაგიდაც დიდი უნდა იყოს, მინიმუმ 12 სკამით, რადგან კირჩხიბს ბევრი მეგობარი ჰყავს და უყვარს მათთან ერთად თავის შექცევა. კირჩხიბი შესაძლოა დიდ დროს არ უთმობდეს ინტერიერზე ზრუნვას, თუმცა მისი სახლი ყოველთვის მყუდროა და იქ სასიამოვნო ატმოსფერო სუფევს. მწვანე ეზო და ბევრი ყვავილი კირჩხიბს დიდ სიხარულს ანიჭებს.

ლომი

ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს განსაკუთრებული უნარი აქვთ შექმნან არაფრისგან – ყველაფერი. შეიძლება უამრავი სტილის შერწყმა გამოიყენონ იმისათვის, რომ შექმნან საკუთარი, უნიკალური ინტერიერი. ლომს უყვარს სიმდიდრე, კომფორტი და ლუქს აპარტამენტები. ავეჯი, ჭურჭელი, დეკორაციები – ყველაფერი უმაღლესი ხარისხის უნდა ჰქონდეთ და ამასთან, ულტრა-თანამედროვე.

ქალწული

ქალწული ყოველთვის სიახლის მოყვარულია, უყვარს ახალი ავეჯი, ასევე  ძვირად ღირებული ანტიკვარიატი. მისი ხასიათი ულტრა-თანამედროვეობისკენ იხრება. ბევრი ქალწული მოწოდებით არქიტექტორი ან ინტერიერის დიზაინერია, რამდენადაც მათ შესანიშნავად გამოსდით სივრცის დაგეგმარება. უყვართ კარგად ორგანიზებული სათავსოები, ამიტომ მათთან სახლში ყველაფერს ცალკე გამოყოფილი ადგილი აქვს მიჩენილი. თეთრი მისი ფავორიტი ფერია, ელეგანტურობა კი სასურველი ინტერიერის ძირითადი მახასიათებელი. 

სასწორი

სასწორები ბალანსსა და ჰარმონიას ამკვიდრებენ ინტერიერში. მათთვის ავეჯის სიმეტრია უმნიშვნელოვანესია.  მათ ფერების შეხამების საოცარი ნიჭი აქვთ, უპირატესობას კი ანიჭებენ პასტელურ ფერებს – კრემისფერს, ნაზ ვარდისფერს, ღია ცისფერს და მწვანეს. სასწორებს აღმოსავლური სტილი იზიდავთ, მინიმალიზმი და მშვიდი გარემო. ინტერიერი რაც უფრო ეგზოტიკურია, მით უფრო მისაღებია სასწორისთვის. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ძლიერი ესთეტიკური გემოვნება აქვთ და იციან, როგორ გამოიყენონ ეს უნარი დიზაინის კუთხით.

მორიელი

მორიელი სიმდიდრის და ფუფუნების მოყვარულია. ნატურალური ხისა და ტყავის ავეჯი, ძვირადღირებული ხელოვნების ნამუშევრები, სარკეები – ინტერიერის ძირითადი შტრიხებია. მორიელი ინტერიერში უპირატესობას ანიჭებს შავ და წითელ ფერებს. იგი ტექნოლოგიური სიახლეების  მოყვარულია და უყვარს სახლის სხვადასხვა უახლესი ტექნიკით აღჭურვა.

მშვილდოსანი

ზოდიაქოს ეს ნიშანი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც მათი სახლის ინტერიერზეც აისახება. თანამედროვეობისა და ანტიკურობის მიქსი მათი ინტერიერის მთავარი მახასიათებელია. მშვილდოსნის სახლში უხვადაა ძველებური ავეჯი, ეგზოტიკური ხალიჩები, ბუხარი და საშუალო განათება. როგორც თავისუფლების დიდ მოყვარულს, უყვარს დიდი სივრცე. ძირითადი ფერებია – იისფერისა და ლურჯის სპექტრი. 

თხის რქა

თხის რქისთვის ყველზე მნიშვნელოვანია, რომ ნივთები იყოს მაღალი ხარისხის და გამძლე. მათი ინტერიერის ძირითადი ფერებია შავი, ნაცრისფერი, ყავისფერი, მუქი მწვანე, შავ–თეთრის და სხვა ტრადიციული კომბინაცია, მთავარია, რომ ძალიან მკვეთრი არ იყოს. უყვართ ფანჯრების დამშვენება ძვირფასი ფარდებით. ხელოვნების ნიმუშებში ინვესტირების მათ არ ეშინიათ, თანაც ამით მეტ ხიბლს მატებენ საკუთარ ინტერიერს. 

 მერწყული

მერწყულები პოსტ–მოდერნისტულ იტალიურ დიზაინს ირჩევენ. უპირატესობას თანამედროვე ავეჯს ანიჭებენ და ტექნიკის უახლესი მოდელებით ავსებენ სამზარეულოს. ინტერიერში ძირითადად ცისფერი ფერის პალიტრა ჭარბობს, მიუხედავად იმისა, რომ მერწყული არ არის წყლის ნიშანი. ლურჯი, შავი, ნაცრისფერი, ელექტრო და მეტალის ფერები ასევე მისაღებია მერწყულისთვის.

თევზები

თევზების გემოვნებას დიდწილად განსაზღვრავს ის ფაქტორი, რომ იგი წყლის ნიშანია. უყვარს მშვიდი, კომფორტული გარემო, რომელიც პერიოდულად შესაძლოა ქაოტური გახდეს. ინტერიერში ჭარბობს ოკეანის ფერთა პალიტრა და სანაპიროსთან ასოცირებული დეკორაციები. თევზების ინტერიერში აუცილებელი შტრიხებია აკვარიუმი ან ფანტანი, აუზი, ასევე საუკეთესოდ მოწყობილი აბაზანა.

 

მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

890 total views, 1 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს