როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს ფერი? – დიზაინერთა რჩევები

Spread the love

ჯერ კიდევ ფიქრობთ, რა ფერზე შეაჩეროთ არჩევანი სამზარეულოსთვის? ეს არც თუ ისე მარტივი გადასაწყვეტია, სამზარეულო ხომ სახლის „გულია“, სადაც უმეტეს დროს ატარებთ ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებთან ერთად! ფერი ინტერიერის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელსაც შეუძლია თქვენს განწყობასა და ემოციაზე ზემოქმედება.  გთავაზობთ დიზაინერთა რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში.

ფერის შერჩევამდე, გაითვალისწინეთ ოთახის მდებარეობა, გაბარიტები და განათების დონე. ცნობილია, რომ პატარა სივრცეს ვიზუალურად კიდევ უფრო ამცირებს მუქ ფერთა გამა და ნაკლები განათება, იქნება ეს დღის შუქის შეღწევადობა თუ ხელოვნური განათების საშუალებების სიმცირე.

პასტელური ტონები

მსუბუქი, პასტელური ტონები ოთახში სიმშვიდის ატმოსფეროს ქმნის. ამასთან, ორმაგი მოქმედების ეფექტითაც გამოირჩევა: ერთის მხრივ, ნაზი ტონები სამზარეულოს ყოველთვის უხდება, არ არის გამაღიზიანებელი და დამღლელი, მეორეს მხრივ კი, დიდხანს არ მოგბეზრდებათ და ყოველთვის ინარჩუნებს შარმს.

მკვეთრი ფერების შეჯერებისა და დაბალანსების შედეგად მიღებული პასტელური ფერების არჩევანი საკმაოდ დიდია, შეარჩიეთ თქვენი გემოვნების მიხედვით: ღია ცისფერი, ნაზი მწვანე, კრემისფერი, ღია ვარდისფერი, ატმისფერი ან მსუბუქი იისფერი და ა.შ. გახსოვდეთ, პასტელურ ფერებს განსაკუთრებით უხდება მეტალის დეტალები და ვერცხლისფერი ზედაპირი.

ბუნებრივი ფერები

სამზარეულო, რომელშიც გამოყენებულია ნატურალური ფერები (ასოცირებული ხესთან, ქვიშასთან, ქვებთან) ძალიან მყუდროდ და მდიდრულად გმოიყურება. უმაღლესი ხარისხის სამზარეულოს ავეჯიც  ხომ სწორედ ნატურალური ხის მასალისგან მზადდება!

პოზიტიური ფერები

აგურისფერი, წითელი, ყვითელი, სალათისფერი მიეკუთვნება თბილ და ნათელ ფერთა გამას, რომელიც სამზარეულოს მეტი სიხალისით და სიცოცხლით ავსებს, ნათელი ფერები განსაკუთრებულ ენერგეტიკას და ქარიზმას ფლობენ, რომელიც მთელს სახლში ვრცელდება. პოზიტიური ფერის სამზარეულოში დაღლას და მოწყენას ვერ იგრძნობთ. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ

წითელი: ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს, ამაღლებს მადას

ყვითელი: იმუნიტეტს ამაღლებს, სიმხნევეს შეგმატებთ

მწვანე: ხელს უწყობს ორგანიზმის ტონუსის ამაღლებას

ცისფერი და ლურჯი ტონები

არაორდინალური პიროვნული თვისებების მქონე დიასახლისები სამზარეულოს ინტერიერისთვის ირჩევენ მდიდარ, ცისფერ ტონს, რაც ოთახს ბოჰემურ იერს ანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ ციფერი ჰარმონიულად გამოიყურება, მისთვის დამახასიათებელია მადაზე უარყოფითად ზემოქმედება და მადის დაქვეითება (თუმცა დიეტის მოყვარულთათვის ეს უპირატესობადაც კი შეიძლება ჩაითვალოს:)). რადგან ცისფერი ძალიან აქტიური ფერია, დააბალანსეთ თეთრით, ან ნატურალური მშვიდი ფერებით, რაც სამზარეულოში უფრო თბილ ატმოსფეროს შექმნის.

აქრომატული ფერები 

აქრომატულ ფერებს განეკუთვნება შავი, ნაცრისფერი და თეთრი. ყურადღება გავამახვილოთ შავის და ნაცრისფერის გამოყენებაზე (თეთრზე ცალკე ვისაუბროთ) – მათი ცალ-ცალკე ან თანაბარი დოზით ერთობლივი გამოყენება ძალიან პრაქტიკულია, რამდენადაც მიმზიდველი და მარტივია ავეჯის, ტექსტილის, კედლის ფერების შეხამება. მოვლის თვალსაზრისითაც – უპრობლემოა. შავ-თეთრის, გრაფიტის ფერისა და თეთრის შეხამებას ხშირად მიმართავენ დიზაინერები თანამედროვე სამზარეულოს ინტერიერის დაგეგმარებისას.

თეთრი ფერის სამზარეულო

როდესაც წარმოიდგენთ თეთრ სამზარეულოს, ალბათ იმის შეგრძნება გეუფლებათ, რომ ეს ფერი დიდ პასუხისმგებლობას და იდეალურ დაგეგმარებას მოითხოვს: ზომების იდეალური სიზუსტე, ავეჯის ფაქტურის სწორედ შერჩევა და ა.შ. თანაც უნდა განსაზღვროთ, რამდენად მოარგებთ თეთრ სამზარეულოს თქვენი ოჯახის ცხოვრების სტილს – შეძლებთ კი იდეალური სითეთრის შენარჩუნებას ან მის მოვლას (განსაკუთრებით, თუ ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვები გყავთ)?

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თეთრი ფერის სამზარეულოს მოვლა დიდ გარჯას მოითხოვს, მას შეუძლია საოცარი ცვლილება შეიტანოს თქვენს სახლში – შეგმატებთ სიმსუბუქეს და სამზარეულოსაც უფრო დიდად წარმოაჩენს.

მუქი ფერები:

თანამედროვე სამზარეულოს ინტერიერში სულ უფრო ხშირად მიმართავენ იისფერ, ღვინისფერ, ალუბლისფერ, მუქ ლურჯ ფერებს. მათი გამოყენებისას გაითვალისწინეთ, რომ კარგად გაანათოთ სამზრეულო, რადგან ფერების სიმუქე ნაკლებად პოზიტიურად მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიაზე. გაამდიდრეთ ოთახი ნათელი ფერის დეკორითა და ტექსტილით. ეცადეთ, რომ სამზარეულო ოთახის 30%-ს არ აჭარბებდეს მუქი ფერი, დანარჩენი 70% კი ღია ფერებით დატვირთეთ!

სამზარეულოს ფერი

 მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

6,508 total views, 1 views today

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს