ყველაზე გავრცელებული შეცდომები ინტერიერის დიზაინში

Spread the love

“ვისაც შეცდომა არ დაუშვია, მას არასოდეს უცდია ახლის შექმნა”, – ამბობდა აინშტაინი, თუმცა როცა საქმე ინტერიერის დიზაინს ეხება, მაინც ეცადეთ, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავოთ! შესაძლოა უნებურად ისეთი დეტალები გამოგრჩეთ, რაც მოგვიანებით ინტერიერს და მასთან ერთად, განწყობას გაგიფუჭებთ. შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არის, მათ შორის არც გამოცდილი დიზაინერები, ამიტომ გაეცანით ოთახის მოწყობისას ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს და თუ ექსპერტების მოსაზრებებს თქვენც დაეთანხმებით, ეცადეთ, თავიდან აიცილოთ მათი გამეორება. გაეცანით, რომელია ყველაზე გავრცელებული შეცდომები ინტერიერის დიზაინში.

ყველაზე გავრცელებული შეცდომები ინტერიერის დიზაინში:

1. ცუდი განათება 

ოთახის სწორად განათებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არასაკმარისად განათებულ ოთახში თავს კომფორტულად ვერ იგრძნობთ, უფრო მეტიც, შეიძლება ამ ფაქტორმა დეპრესიაც კი გამოიწვიოს. ამიტომ, პირველ რიგში, ეცადეთ, რომ ოთახში დღის შუქი მაქსიმალურად აღწევდეს და ფარდებით ზედმეტად ნუ ჩააბნელებთ. ამასთან, ოთახში განათების ერთი წყარო ხშირ შემთხვევაში, საკმარისი არ არის, გამოიყენეთ სხვადასხვა ტიპის რამოდენიმე სანათი საშუალება.

2. ინტერიერის ავეჯით გადატვირთვა

როცა ოთახი სავსეა ავეჯით, (მით უმეტეს, თუ არ ეტევა და მაინც ვპოულობთ მაგალითად, კარადისთვის მცირე ადგილს) ამ შემთხვევაში, ვეღარ ვიტყვით, რომ ინტერიერი გემოვნებით არის მოწყობილი. თავისუფალი სივრცის ნაკლებობა და სივიწროვე პირველ რიგში, არაკომფორტული და საცხოვრებლად მოუხერხებელია, რომ აღარაფერი ვთქვათ ვიზუალურ ხარვეზზე.
ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ პატარა ოთახში მცირე ზომის ავეჯი ხაზს უსვამს ოთახის ფართობის სიმცირეს, დიდი ზომის ავეჯი კი ფართო სივრცის ილუზიას ქმნის.

3. ინტერიერი ერთ ფერში

ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა, როდესაც ერთი ფერის გამას იყენებენ ინტერიერში. მაგალითად, ყველაფერი ბეჟ ფერში გადაწყვეტილი შეიძლება მყუდრო და პრაქტიკულია, მაგრამ დროთა განმავლობაში, მოსაწყენი გახდება. ამიტომ, დაამატეთ სხვა ფერებიც, მცირე დოზით მაინც, და მონოტონური ოთახი გამოცოცხლდება. სხვადასხვა ფერების გამოყენებით, თქვენს ინდივიდუალიზმსაც გაუსვამთ ხაზს.

4. მცირე ზომის ხალიჩა

დიზაინერები თვლიან, რომ ხალიჩა ისეთი ზომის უნდა იყოს, რომ ირგვლივ განლაგებულ ყველა ავეჯთან ჰქონდეს შეხება. სწორად შერჩეული ხალიჩის ზომა დიდი სივრცის შეგრძნებას ტოვებს.

5. კედელთან მიდგმული დივანი

დიზაინერები თვლიან, რომ უმჯობესია, თუ დივანი და სავარძლები კედლიდან მოშორებით განთავსდება. თანამედროვე ინტერიერში თუ ოთახი ძალიან პატარა არ არის, დივანი ცენტრში თავსდება, კედელთან კი წიგნის თაროები ან რამე სხვა დანიშნულების ავეჯი იდგმება. მათი აზრით, ასეთი განლაგება უფრო ლამაზი და პრაქტიკულია.

6. ჭერთან ახლოს დაკიდული სურათები

ზოგ სახლში ალბათ შეგინიშნავთ კედელის ზედა ნაწილში ჩამოკიდებული სურათები, რომლებიც ყურადღებას ნაკლებად იქცევენ. დიზაინერები გვირჩევენ, რომ ისინი უფრო დაბალ დონეზე დავკიდოთ, პირდაპირ რომ იპყრობდეს მზერას. საშუალო გათვლებით, სურათები ავეჯის თავზე 20 სანტიმეტრი სიმაღლის დაშორებით უნდა დავკიდოთ.

7. იაფფასიანი ფარდები

თანამედროვე ინტერიერში, დიზაინერები დიდ ყურადღებას აქცევენ ფარდების ხარისხს და სტილს. ნუ დაზოგავთ ფულს ფარდების შეძენისას, ეს კარგი ინვესტიციაა იმისათვის, რომ თქვენი ინტერიერი მუდმივად ელეგანტურად და მიმზიდველად გამოიყურებოდეს.

8. ასიმეტრია

სიმეტრიის დაცვა უმთავრესია ინტერიერის დიზაინში – პრაქტიკულად ეს ხელოვნებაა. შეიძლება შეგიმჩნევიათ, ზოგს უყვარს დიდი ზომის სავარძლების ყიდვა და სხვა დანარჩენი ავეჯი ინტერიერში მასთან შედარებით, ძალიან პატარად გამოიყურება. დიზაინერების აზრით, ეს შეცდომა რომ არ დავუშვათ, სანამ კონკრეტულ ნივთს შევიძენდეთ, უნდა გადავზომოთ, დაგვრჩება თუ არა საკმარისი სივრცე სხვა ავეჯის სიმეტრიულად მოსათავსებლად.

შეცდომები ინტერიერის დიზაინში

შეცდომები ინტერიერის დიზაინში

მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge

დატოვეთ კომენტარი

გაეცანით სხვა სტატიებს