ლამინატი თუ პარკეტი? რემონტის პროცესში, ალბათ ბევრი თქვენგანი დამდგარა მსგავსი დილემის წინაშე: რომლის დაგება უფრო კარგი გადაწყვეტილება იქნება ფასისა და გამძლეობის თვალსაზრისით? შევთანხმდეთ, რომ კარგად გამომშრალ და ლამაზად დალაგებულ ხის ნატურალურ პარკეტს ლამინატი ვერ შეედრება (თუნდაც ეკოლოგიური თვალსაზრისით), თუმცა დაბრკოლება უპირველესად მის ღირებულებაშია, რადგან ხის პარკეტი გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე ლამინატი. მიუხედავად ამისა, პარკეტს, ისევე როგორც ლამინატს, აქვს თავისი მინუსები და პლიუსები, რომლებსაც ქვემოთ განვიხილავთ. თავად შეადარეთ, რომელი ჯობია, ლამინატი თუ პარკეტი?
შედარება:
- ხის პარკეტი უფრო ხანგრძლივად მოგემსახურებათ, ვიდრე ლამინატი, თუმცა ორივეს კარგი მოვლა და მოფრთხილება ესაჭიროება;
- მოვლის თვალსაზრისით, ხშირად აღნიშნავენ, რომ ლამინატის იატაკი შედარებით მარტივი მოსავლელია ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვიდრე პარკეტი;
- ნაკაწრების მიმართ მაღალი ხარისხის ლამინატი, ხშირ შემთხვევაში, უფრო მედეგია;
- ლამინატი წყლისა და ნესტის ზემოქმედებით უფრო მალე ფუჭდება, ვიდრე პარკეტი. ის შეიძლება მალე ამოიზნიქოს ან ამოვარდეს არასწორი დაგების, სინესტის ან გაუმშრალი მოჭიმული იატაკის (“სტიაჟკის”) გამო. გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია ხის პარკეტის შემთხვევაში, მასალა კარგად იყო გამომშრალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგივე პრობლემებს შეხვდებით.
- დაგების თვალსაზრისით, ლამინატი შედარებით მარტივად და სწრაფად იგება, ვიდრე პარკეტი;
- ამასთან, ლამინატი უფრო ხელმისაწვდომია და ხელოსნის მომსახურებაც შედარებით იაფი ჯდება. ან თუ გეხერხებათ, თავად შეძლებთ ლამინატის დაგებას, გამარტივებული მექანიზმების წყალობით;
- ლამინატი ვიზუალურად უფრო მრავალფეროვანია, შეგიძლიათ პრიალა ზედაპირით შეარჩიოთ. ხის პარკეტს კი თუ სიპრიალის მიზნით ლაქს წაუსვამთ, მისი ეკოლოგიური უპირატესობა დაიკარგება;
- გამოცდილების მიხედვით, ბევრი დიასახლისი აღნიშნავს, რომ ლამინატის იატაკზე მტვერი უფრო მეტი ჩნდება, ვიდრე პარკეტის შემთხვევაში;
- პარკეტის განახლება-გასუფთავების მიზნით, მისი მოხვეწა რამოდენიმეჯერ არის შესაძლებელი, ლამინატი კი უნდა გამოცვალოთ. ეს შესაძლოა ერთის მხრივ, ლამინატის უპირატესობადაც ჩაითვალოს, რადგან ინტერიერის განახლება უმარტივესად, მოკლე დროში და შედარებით იაფად იქნება შესაძლებელი.
- და ბოლოს, ეკოლოგიური თვალსაზრისით, ნატურალურ მასალას არაფერი შეედრება! ამიტომ, პარკეტი ამ შემთხვევაში, უპირატესობით სარგებლობს. დაბალი ხარისხის ლამინატი კი ტოქსიკური და ჯანმრთელობისთვის მავნეც კი არის.
სანამ გადაწყვეტთ, რომელი ჯობია, ლამინატი თუ პარკეტი, გადაიკითხეთ ჩვენი სტატია ლამინატის მახასიათებლებისა და შერჩევის თავისებურებების შესახებ – როგორ შევარჩიოთ ლამინატი?
მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge
დატოვეთ კომენტარი