თუ ოთახის მცენარეებზე ზრუნვა თქვენთვის ახალი გატაცებაა, შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ ყვავილების მოვლის იმ ძირითადი პრინციპების გაცნობაში, რაც მათი ზრდისა და შენარჩუნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
- პირველ რიგში, მოიმარაგეთ საჭირო ინვენტარი – დაგჭირდებათ სარწყავი, წყლის გასაფრქვევი, კარგი მიწა, ქოთნები, სადგამები, თხევადი სასუქი, ანტისეპტიკი პარაზიტებთან საბრძოლველად, რბილი ღრუბელი, ძველი ჩანგლები, კოვზები და ა.შ.
- სწორად შეარჩიეთ მცენარეები – მცენარე უნდა შეესაბამებოდეს იმ გარემო პირობებს, რომლის შექმნაც თქვენ შეგიძლიათ.
- არ დაასხათ მცენარეებს ზედმეტი წყალი – ფესვებს არა მხოლოდ წყალი, არამედ ჰაერიც სჭირდება. ნიადაგში ზედმეტი ტენის მუდმივად არსებობა მცენარეების უმრავლესობისთვის სასიკვდილოდ სახიფათოა.
- არ დადოთ მცენარე ღია ფანჯარასა და კარს შორის, სავენტილაციო მილთან ახლოს, ცუდად მორგებულ ჩარჩოებიანი ფანჯრის რაფაზე, ცუდად განათებულ კუთხეში ან ბნელ კორიდორში.
- ძალიან სასარგებლოა მიწაში ან დრენაჟში ხის ნახშირის მცირე ნაჭრების ჩალაგება.
- შეუქმენით მცენარეებს მშვიდი პირობები – თითქმის ყველა მცენარე ზამთარში უნდა მორწყათ იშვიათად, ნაკლები სასუქი დაუყაროთ და გქონდეთ უფრო დაბალ ტემპერატურულ რეჟიმში, ვიდრე აქტიური ზრდის პერიოდში.
- შექმენით ტენიანი ატმოსფერო – ზამთარში, როდესაც ოთახში გათბობაა ჩართული, ჰაერი შრება, ამიტომ აუცილებლად იზრუნეთ მის დატენიანებაზე.
- მცენარის დაავადების შემთხვევაში, დროულად მიიღეთ საჭირო ზომები – პრობლემები გამოცდილ მეყვავილეებსაც ექმნებათ და ახალბედებსაც. მცენარის დაავადების მკურნალობა მის საწყის სტადიაზე იოლია, ხოლო თუ დაზიანება მთელ მცენარეზე გავრცელდა, მას უკვე ვეღარ უშველით.
- დროულად მოაშორეთ მცენარეს ჭკნობაშეპარული ყვავილები და ფოთლები. ისინი შეიძლება დაობდეს, ხოლო ობი ჯანსაღ ფოთლებსაც გადაედება.
- დააჯგუფეთ მცენარეები – თითქმის ყველა მცენარე უკეთ გამოიყურება და ვითარდება, თუ ჯგუფურად არის დალაგებული.
- გადარგვა – 1–2 წლის შემდეგ მცენარეთა უმრავლესობა მომხიბლავობას კარგავს, ამ დროს საჭიროა მცენარე უფრო დიდ ქოთანში გადარგათ.
- შეურიგდით ზოგიერთი მცენარის დაკარგვას – ისეთი მცენარეები, როგორიცაა ყოჩივარდა, ქრიზანთემა და სხვ., ხშირად საჩუქრის სახით გამოიყენება და რამდენიმე კვირაში ჭკნება. ეს სახეობები მხოლოდ დროებითი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი.
მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge
დატოვეთ კომენტარი