საძინებელი სკანდინავიურ სტილში განსაკუთრებული თავისებურებებით ხასიათდება. თუ ამ სტატიამ თქვენი ყურადღება მიიპყრო, ესე იგი, ნათელი და მსუბუქი ინტერიერი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია!
აღსანიშნავია, რომ სკანდინავიური ინტერიერი ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იძენს. ნაკლებად გადატვირთული ოთახები, რომელსაც ავეჯის ნაცვლად, სინათლე ავსებს, განსაკუთრებით მოთხოვნადია მცირე ფართობის ბინებში.
საძინებელი სკანდინავიურ სტილში – სინათლე და სიმსუბუქე
სკანდინავიური დიზაინის უმთავრესი მახასიათებელი არის თეთრი ფერი, ამიტომ, სკანდინავიური საძნებლის მოწყობისას, თეთრი ფერი უხვად გამოიყენეთ: კედლებზე, ჭერზე, სურვილის შემთხვევაში, იატაკის საფარზეც კი. ავეჯი და ტექსტილიც თუ თეთრი იქნება, უფრო ეფექტურ შედეგს მიიღებთ.
ვინაიდან სკანდინავიურ ქვეყნებში დღის სინათლის ნაკლებობას განიცდიან, ფანჯრებზე სქელი ფარდების დაკიდება არ არის მიღებული. ამიტომ, თუ ფარდებზე უარს ვერ ამბობთ, მაშინ გამოიყენეთ ძალიან თხელი ფარდები. ასევე შეგიძლიათ დაკიდოთ ფუნქციური რომაული ფარდები, რათა მეტი შუქი შემატოთ სივრცეს.
სიმარტივე
სკანდინავიურ საძინებელში ზედმეტი ავეჯისა და გამოუყენებელი ნივთების ადგილი არ არის, აქ უნდა იგრძნობოდეს დიდი და თავისუფალი სივრცე. დადგით მხოლოდ ყველაზე აუცილებელი და ამასთან, ფუნქციური ავეჯი (მაგლითად, საწოლი სათავსოთი).
გამოყენებული მასალები
სკანდინავიურ საძინებელში კედლებსა და ჭერს უბრალოდ ღებავენ თეთრად ან ღია, ნათელ ტონებად. იატაკის საფარზე გამოიყენება ღია ფერის ხის მასალა, ავეჯიც სასურველია ნატურალური ხის ფერი ან თეთრად შეღებილი იყოს. არ დაგავიწყდეთ რბილი, სასიამოვნო ფაქტურის ტექსტილის გამოყენება (ბალიშები, გადასაფარებელი), რომელიც თბილი და მყუდრო გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ.
განათების წყაროები
სკანდინავიური დიზაინი მოითხოვს რაც შეიძლება მეტ სინათლეს, ამიტომ ყურადღება გაამახვილეთ განათების სხვადასხვა წყაროების გამოყენებაზე. საძინებელის ჭაღი შეარჩიეთ სადა, მსუბუქი ფორმის. ხშირად იყენებენ მრგვალ, ცილინდრულ ან კონუსის ფორმებს, რომელიც ოთახში სინათლეს თანაბრად ანაწილებს. გარდა ამისა, აუცილებლად დაამაგრეთ ბრები ან ლამპები საწოლთან.
საძინებელი სკანდინავიურ სტილში და ავეჯი
სკანდინავიურ საძინებელში გარდერობი როგორც წესი, არ დგას. მის ნაცვლად ხშირად გამოიყენება ღია საკიდები და თაროები. ხოლო საწოლი უმეტესად დიდი ზომის, შედარებით მაღალი თავით გამოირჩევა.
კონტრასტული ელემენტები
და მაინც, მიუხედავად თეთრი ფერის სიჭარბისა, სკანდინავიურ ინტერიერს ძალიან უხდება კონტრასტული ფერის დეტალები. სასურველია შავი და თეთრი ელემენტების, წითლისა და მწვანის, ყვითლისა და სხვა თბილი ტონების გამოყენება დეკორატიულ აქცენტებად. მაგალითად: გამოიყენეთ შავ-თეთრი ჩარჩოები ფოტოებისთვის, ცოცხალი ოთახის მცენარეები, ფერადი აქსესუარები.
სკანდინავიური დიზაინის შესახებ, გაეცანით ამ სტატიას!
მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითოთ წყარო: luxhome.ge