ოცნებობთ, რომ უფრო მეტი სივრცე გქონდეთ სახლში? გამოსავალი შესაძლოა ვიზუალურ ეფექტებში იპოვოთ! გთავაზობთ ინტერიერის დიზაინერების საუკეთესო რჩევებს, თუ როგორ შევქმნათ ვიზუალურად მეტი სივრცე პატარა ფართობის ოთახში. ნათელი ფერები და მინიმალისტური სტილი ძირითადია, რაც თავისუფალი სივრცის მაქსიმალურ ეფექტს იძლევა!
1. განათება
ნებისმიერი ვიზუალური გაფართოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია განათება! აუცილებლად გამოიყენეთ მაგალითად, მიმართული სანათები ჭერიდან დიდი ზომის კედლის მიმართულებით, რათა აქცენტი გადავიდეს კედლის სიდიდეზე. გამოიყენეთ მაღალი ტორშერები, რაც ვიზუალურად აამაღლებს ჭერს. ასევე კარგი გადაწყვეტილებაა – თაბაშირ-მუყაოს შეკიდულ ჭერში ჩამონტაჟებული სანათები, რომლებიც არ ჩანს და ნეიტრალურ სინათლეს აფრქვევს. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ თაბაშირ-მუყაოს ჭერი “ადაბლებს” ოთახს, ამიტომ მისი გაკეთება რეკომენდებულია მაღალჭერიან სახლებში.
2. ავეჯის განლაგება
გახსოვდეთ, რომ პატარა ზომის ავეჯი ხაზს უსვამს ოთახის ფართობის სიმცირეს! არც ძალიან დიდი ზომის რბილი ავეჯია სასურველი, რომელთან შედარებით სხვა ყველაფერი პატარა გამოჩნდება. კარგი იქნება, თუ დივანსა და სავარძლებს კედელთან არ განალაგებთ და უფრო ოთახის ცენტრისკენ გაწევთ, კედელთან კი წიგნის თაროებს, ან სხვა ფუნქციურ ავეჯსა თუ დეკორაციას განათავსებთ. რბილი ავეჯი ოთახის ფუნქციურად გადატიხვრის საშუალებასაც მოგცემთ
3. ფერები
ზოგადად, ღია ნეიტრალური, ცივი ფერები ვიზუალურად აფართოვებს ოთახს, მუქი და თბილი ტონები კი – პირიქით. აღნიშნულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ოთახის პროპორციები “დავაკორექტიროთ”. თეთრი ფერის გამოყენება ასევე მომგებიანი გადაწყვეტილებაა, რომელსაც უყოყმანოდ შეგიძლიათ მიმართოთ.
4. ზოლები
ცნობილია, რომ ზოლები ცვლის სივრცის გეომეტრიას. ვერტიკალურად განთავსებული ზოლები ოთახს სიმაღლეს შემატებს, თუმცა სიგანეში შეამცირებს და პირიქით, ჰორიზონტალური ზოლები გააფართოვებს ოთახს, მაგრამ დაადაბლებს.
5. ფოტოშპალერი
თანამედროვე ინტერიერში აქტიურად გამოიყენება ფოტო შპალერი, რომელზეც სწორად შერჩეული ფოტო თქვენს ოთახს მეტ სივრცეს შესძენს. მაგალითად, ქალაქის გაშლილი ხედი, პეიზაჟი ფართო სივრცის ვიზუალით ან ოპტიკური ილუზიის გამოსახულებით.
6. ფარდები
გირჩევთ ფარდები მხოლოდ ფანჯრის გასწვრივ კი არა, კედლის მთელ სიგრძეზე დაკიდოთ, რადგან ასე შეიქმნება ილუზია, თითქოს ფანჯარა კედლის გაწრივ, ბოლომდე გრძელდება. გარდა ამისა, მოერიდეთ მრავალფენიან და გადატვირთულ ფარდებს. დიზაინერები პატარა ოთახისთვის რომაულ ფარდებს ანიჭებენ უპირატესობას.
7. სარკეები
სარკეები ოთახის სივრცის დუბლირებას ახდენენ, ამიტომ კარგი იქნება, თუ დიდი ზომის სარკეებს გამოიყენებთ ინტერიერში, თუნდაც მთელი კედლის გასწვრივ. თუ სარკის ფასადზე სანათებსაც მიამაგრებთ, მეტ სინათლეს მიიღებთ ოთახში.
8. დიდი ზომის სურათები
ისევე, როგორც ფოტოშპალერი, დიდი ზომის სურათების დაკიდებაც “გაადიდებს” კედელს. მოერიდეთ პატარ-პატარა და ბევრი სურათების დაკიდვას.
9. იატაკი
სივრცის ვიზუალურად გაფართოების მიზნით, იატაკი უნდა იყოს ერთგვაროვანი, ერთი ფერის, სახეებისა და დეკორატიული ელემენტების გარეშე. ამასთან, მუქი ფერის იატაკი “აპატარავებს” ოთახს, ღია ფერი კი – პირიქით.
10. მცენარეები
დიზაინერები არ გვირჩევენ დიდი ზომის მცენარეების (მაგალითად პალმების, ფიკუსების) დადგმას პატარა ოთახში, რადგან უფრო მეტი სივიწროვის განცდა იქმნება.
მასალის გამოყენების პირობები:
გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge