სურნელი, რომელიც სახლში შესვლისას გვხვდება, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს განწყობაზე.მას შეიძლება ჰქონდეს დამამშვიდებელი და მატონიზირებელი ეფექტი, ამასთანავე, ქმნიდეს მყუდრო და სასიამოვნო აურას. მოდით გადავხედოთ, როგორია ზოგადად ინტერიერის სუნამოები და შემდეგ შეარჩიეთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი.
ინტერიერის სურნელების მრავალფეროვნება
ინტერიერის სურნელი ყველაზე ხშირად იწარმოება დიფუზორების, სანთლებისა და სპრეის სახით. დიფუზორი დღეს ითვლება ყველაზე პოპულარულ ვარიანტად, რადგან იგი უზრუნველყოფს მუდმივ არომატულ ფონს ოთახში და მისი ეფექტი გრძელდება 6-10 თვის განმავლობაში.
დიფუზორის ბოთლში მოთავსებული არომატული ნაზავი, ოთახს მუდმივად სასიამოვნო სურნელით ავსებს. სურნელოვანი სანთლები კი, მიუხედავად იმისა, რომ უწყვეტად არ გამოყოფენ სურნელს, არომატთან ერთად ოთახს რომანტიკული განწყობითაც ავსებენ.
ინტერიერის არომატიზატორებს სპრეის სახით, აქვთ უფრო მოკლე ეფექტი, თუმცა მათი დახმარებით, შესაძლებელია უსიამოვნო სუნის სწრაფად გაქრობა. იმისთვის, რომ სუნი ოთახში უფრო დიდხანს შეინარჩუნოთ, ექსპერტები რეკომენდაციას იძლევიან, სპრეი ტექსტილსაც შეასხუროთ (ფარდები, ქსოვილები).
ტოპ 5 არომატი სახლისთვის
ინტერიერის არომატები საოცრად მრავალფეროვანია – სხვადასხვა მწარმოებლების მიერ შემოთავაზებულ კატალოგებში ასობით სურნელის ვარიანტს ნახავთ, მაგრამ ყველა მათგანს არ შეუძლია სახლში სიმყუდროვის უზრუნველყოფა. შერჩევის პროცესის გასაადვილებლად, გთავაზობთ ყველაზე პოპულარული არომატების ვარიანტებს, რომელსაც მომხმარებლები ირჩევენ:
- საკონდიტრო ნაწარმი და სანელებლები – მათთვის, ვინც გემრიელ სუნებს ანიჭებს უპირატესობას!
- სანდალის ხე და ბერგამოტი – აღმოსავლური არომატების მოყვარულთათვის!
- ზღვის მარილი – ოთახში ზღვის სურნელს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს!
- ლავანდა – ასევე დამამშვიდებელი სურნელი და ზემოქმედება აქვს!
- ლიმნის ხე და თეთრი ჩაი – მათთვის, ვისაც არ მოსწონს ძალიან ტკბილი სურნელი.
სუნების მრავალფეროვნება საშუალებას გაძლევთ არა მხოლოდ მოარგოთ ინტერიერის არომატი თქვენს განწყობას, არამედ შექმნათ განსხვავებული არომატული ფონი სხვადასხვა ოთახებში. შეგიძლიათ თავად სცადოთ არომატების თამამი კომბინაციები.
ასევე, შეგიძლიათ თქვენი ხელით მარტივად დაამზადოთ ნატურალური არომატიზატორები, თქვენთვის სასურველი ინგრედიენტებით! გთავაზობთ რამდენიმე ნიმუშს:
ნატურალური არომატიზატორების დამზადება
არომატი #1: ფორთოხალი, დარიჩინი, მიხაკი და ანისის ვარსკვლავი
როგორ გავაკეთოთ? ფორთოხალი რგოლებად დაჭერით, რამდენიმე ჩხირი დარიჩინი, 8-10 მიხაკის კვირტი და რამდენიმე ანისის ვარსკვლავი დაუმატეთ. პროპორციები შეგიძლიათ შეცვალოთ იმის მიხედვით, თუ რომელი სუნი უფრო მეტად მოგწონთ.
არომატი #2: ლიმონი, როზმარინი და ვანილი
ლიმონი რგოლებად ან თხელ ნაჭრებად დაჭერით. ქილაში ჩაყარეთ, 3-4 ღერი როზმარინი და რამდენიმე წვეთი ვანილის ექსტრაქტი დაუმატეთ.
არომატი #3: ლაიმა, ბეგქონდარა, პიტნა და ვანილის ექსტრაქტი
ლაიმა რგოლებად დაჭერით, რამდენიმე ღერი ბეგქონდარა, რამდენიმე წვეთი ვანილის ექსტრაქტი და პიტნა დაუმატეთ. ბეგქონდარა თუ ახალი არ გაქვთ, შეგიძლიათ მშრალი გამოიყენოთ.
სასურველი ინგრედიენტების შერჩევის შემდეგ, ნაზავს წყალი დაასხით და შეათბეთ. სახლში კარგი სუნი რომ დადგეს, ნაზავი მუდმივად უნდა გაათბოთ.
მზა ქილების შენახვაც შეგიძლიათ მაცივარში, 1-2 კვირით. ასევე, შეგიძლიათ რამდენიმე არომატიზატორი მოამზადოთ და შემდეგ შეათბოთ ის, რომელიც თქვენს განწყობას ყველაზე უკეთ შეესაბამება.
მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ, მიუთითოთ წყარო luxhome.ge