სანამ ტელევიზორის კედელზე მონტაჟს დაიწყებთ, გაითვალისწინეთ 5 ძირითადი წესი იმისათვის, რომ შემდეგში უსაფრთხოდ, მოხერხებულად და კომფორტულად უყუროთ თქვენს საყვარელ გადაცემებს, ახალ ამბებსა თუ ფილმებს.
1. ოთახის რომელ კუთხეში მოვათავსოთ ტელევიზორი?
გაითვალისწინეთ, რომ ტელევიზორისთვის ადგილის შერჩევა განაპირობებს შემდეგში ავეჯის განლაგებას ოთახში. წინასწარ გათვალეთ, თუ ოთახის რომელი ადგილიდან (ადგილებიდან) გსურთ მონიტორის ყურება – მხოლოდ დივანიდან, სასადილო მაგიდიდან, სამზარეულოს სამუშაო ზონიდან თუ ერთდროულად ყველა მხრიდან.
ასევე გაითვალისწინეთ ფანჯრის მდებარეობა – თუ ტელევიზორს ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს განათავსებთ, დიდი ალბათობით, მონიტორი აირეკლავს დღის შუქს და გაგიჭირდებათ მისი ყურება. გამოსავალი ამ სიტუაციიდან სქელი ფარდებია, თუმცა გათვალეთ, რამდენჯერ მოგიწევთ ფარდების გაწევა-გამოწევა ტელევიზორის ყოველი ჩართვისას.
2. რა სიმაღლეზე დავკიდოთ ტელევიზორი?
სიმაღლის განსაზღვრა დამოკიდებულია იმაზე, თუ საიდან დაგეგმავთ ტელევიზორის ყურებას. თუმცა, ეს საკითხი ინდივიდუალურად, მარტივად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ იმის მიხედვით, მხოლოდ დივანზე მოკალათებული აპირებთ ყურებას თუ სამზარეულოში მუშაობის პროცესშიც, როცა ფეხზე იდგებით.
3. როგორ დავამონტაჟოთ ტელევიზორი კედელზე
თუ აპირებთ, რომ ტელევიზორი კედელზე ჩამოკიდოთ, ამისათვის უპირველეს ყოვლისა, შეამოწმეთ ტექნიკური შესაძლებლობები – თაბაშირ-მუყაოს კედელზე ეს არ არის რეკომენდებული, რადგან მონიტორის სიმძიმეს მან შესაძლოა ვერ გაუძლოს. ზოგადად, თბაშირ-მუყაო 30-35 კგ-ზე მეტ სიმძიმეს ვერ უძლებს და გარისკვა არ ღირს.
აგურით ან ბლოკით ნაშენებ კედელზე ტელევიზორის დაკიდვა შესაძლებელია სპეციალური სამაგრებით (“კრონშტეინებით”). ამ შემთხვევაში, შეამოწმეთ, რომ სამაგრის სამონტაჟო ადგილის უკან ელექტრო სადენები არ გადიოდეს.
ტელევიზორის სამაგრები (“კრონშტეინები”) ორი სახისაა – მყარი ფიქსაციის და რეგულირებადი. სასურველია, თუ ამ ორს შორის მობილურ ვარიანტს შეარჩევთ, რომელიც საშუალებას მოგცემთ ეკრანი შეატრიალოთ იმ მიმართულებით, საითაც მოისურვებთ.
4. სად დავმალოთ სადენები და კაბელები?
თუ თქვენი სახლი ახლა რემონტის მდგომარეობაში იმყოფება, წინასწარ გათვალეთ ტელევიზორის მდებარეობა დ შესაბამისად განალაგეთ სადენები. დაგჭირდებათ 3 პოტრიანი ე.წ. შტეპცელი (ტელევიზორის, Wi-Fi ადაპტერისთვის და ა.შ.) მონიტორის უკან, 8-10 სმ. დაშორებით ეკრანის ზედა ან ქვედა კიდიდან. ასევე 1 პორტი სიგნალის მიმღებისთვის. ეს ყველაფერი წარმატებით დაიმალება მონიტორის უკან.
ასევე, იატაკიდან 30 სმ-ის დისტანციაზე დააყენეთ დამატებით 4-5 პორტიანი “შტეპცელი”, რომელიც შესაძლოა ახლა არ გჭირდებოდეთ, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარების ტემპის გათვალისწინებით, მალე შეიძლება ძალიან გამოსადეგი გახედს და ზედმეტ პრობლემებს აგარიდებთ თავიდან.
თუ მონიტორის ქვეშ დადგავთ ტელევიზორის ტუმბოს, რომელზეც სხვა მედია-ტექნიკას მოათავსებთ, “შტეპცელი” ტუმბოს თავთან ახლოს დაამაგრეთ და ტექნიკის უკან ისიც მოხერხებულად დაიმალება.
თუ რემონტი უკვე დასრულებული გაქვთ, ყველა კაბელი ერთად შეგიძლიათ დამალოთ სადენების სპეციალური გრძივი “ყუთით”, რომელსაც კედლის შესაბამისად გააფორმებთ და ამ გზით მას მაქსიმალურად შენიღბავთ.
5. როგორ შევარჩიოთ ტელევიზორის დიაგონალი?
მედია-ტექნიკის მოყვარულები ხშირად ოცნებობენ დიდი დიაგონალის ტელევიზორზე, რომელიც ნახევარ კედელს მაინც დაფარავს. ასეთი ტელევიზორის ყიდვა რთული არ არის, მაგრამ გაითვალისწინეთ ოთახის პარამეტრები, რომ არასწორად შერჩეული ზომის მონიტორი ჯანმრთელობისთვის საზიანო არ აღმოჩნდეს. მაგალითად, “ფილიპსის” ტექნოლოები გვირჩევენ, რომ 40 დიუმიანი პლაზმური ტელევიზორის ყურება სასურველია დაახლოებით 2-3 მეტრის მოშორებით (80-120 დიუმი), უფრო ნაკლები დისტანციიდან დასაშვებია თხევად-კრისტალური მონიტორის ცქერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ძალიან საზიანო იქნება მხედველობისთვის.
გაითვალისწინეთ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები და თვალი გადაავლეთ საუკეთესო ნიმუშებს.
