რემონტის დროს, ხშირად კეთდება არჩევანი შეკიდული ან გასაჭიმი ჭერის სასარგებლოდ. გარდა იმისა, რომ ამ ტიპის ჭერი ესთეტიურად მიმზიდველია, ამავდროულად ძალიან პრაქტიკული და სასარგებლოც არის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ჭერს დეფორმაცია ან სხვა სახის ნაკლი აქვს. თანამედროვე სარემონტო მასალები იძლევა იმის საშუალებას, რომ ჭერის დეფექტები მოხერხებულად შეინიღბოს, თანაც შესაძლებელია მის ქვეშ ელექტროსადენების მარტივად დამალვა.
სანამ ჭერის შეცვლა–შელამაზებას დაიწყებთ, ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა – შეკიდული თუ გასაჭიმი ჭერი? რომელი უფრო მარტივად მონტაჟდება და რომელი უფრო იაფი ჯდება? რომელი უფრო გამძლეა და მარტივად მოსავლელი და ა.შ. თუმცა, ორივეს კომბინაციასაც ხშირად მიმართავენ. შევადაროთ თვითეული ფაქტორი:
ჭერის მონტაჟის პროცესი:
გასაჭიმი ჭერის მონტაჟი პროფესინალურ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. სირთულიდან გამომდინარე, აუცილებლად მოგიწევთ კარგი სპეციალისტის დაქირავება, აჯობებს, თუ არც კი შეეცდებით გასაჭიმი ჭერის დამოუკიდებლად გაკეთებას. ამასთან, საყურადღებოა თავად მასალის ხარისხი, რადგან მონტაჟის პროცესში შესაძლოა იგი მარტივად დაზიანდეს. ამ ტიპის ჭერის მონტაჟის უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ არ მოგროვდება სამშენებლო ნაგავი და არც სივრცის გათავისუფლება დაგჭირდებათ.
შეკიდული ჭერის მონტაჟი ასევე სასურველია სპეციალისტებს მიანდოთ, თუმცა განსაკუთრებულად ხელმარჯვეები ხშირად დამოუკიდებლადაც აკეთებენ საოცრად ლამაზ შეკიდულ ჭერებს. მონტაჟის დაწყებამდე, ოთახი უნდა დაცალოთ ავეჯისგან, რადგან მტვერი და უამრავი სამშენებლო ნაგავი მოგროვდება.
რომელი უფრო იაფი დაჯდება:
ეს ყველაზე აქტუალური კითხვა, რომელიც ჭერების შედარების დროს ისმის. თუმცა, პასუხი დამოკიდებულია ჭერის ზუსტ ზომასა და სასურველი დიზაინის სირთულეზე.
ბინის სიმაღლე:
ჭერის გაკვრამდე, გასათვალისწინებელია ბინის სიმაღლეც, რადგან მაღალჭერიანი სახლისთვის თუ მნიშვნელობა არ აქვს, დაბალჭერიან სახლში დიდ პრობლემას უკავშირდება შეკიდული და მრავალდონიანი ჭერის მონტაჟის შედეგად ჭერის კიდევ უფრო დადაბლება (მინიმუმ 10 სმ–ით) .
რაც შეეხება გასაჭიმ ჭერს, მას მხოლოდ 5სმ სიმაღლე სჭირდება და მისი გაკვრა უკეთესია დაბალჭერიან სახლებში.
მონტაჟის დრო:
თუ გასაჭიმი ჭერის მონტაჟს მაგალითად 3–4 საათი სჭირდება, ანალოგიური ზომის შეკიდული ჭერის მონტაჟს 3 დღე მაინც დასჭირდება, მრავალდონიანი შეკიდული ჭერის გაკეთებას კი – კიდევ უფრო მეტი.
მოვლის სიმარტივე:
გასაჭიმი ჭერი განსაკუთრებულ მოვლას არ მოითხოვს და შესაძლებელია მისი გაწმენდა სველი ქსოვილით. რაც შეეხება შეკიდულ ჭერს, მისი მოვლა არც ისე ადვილია და რამოდენიმე წელიწადში მოგიწევთ მისი ხელახლა შეღებვა.
გამძლეობა: შეკიდული თუ გასაჭიმი ჭერი?
მართალია, გასაჭიმი ჭერი ადვილად შეიძლება დაზიანდეს, შეკიდული კი უფრო მდგრადია პირდაპირი ზემოქმედების დროს, მაგრამ ზოგადად, ექსპლუატაციის ვადა გასაჭიმ ჭერს უფრო ხანგრძლივი აქვს, ვიდრე შეკიდულს.
გასათვალისწინებელია წყლის ზემოქმედების ფაქტორიც: გასაჭიმი ჭერის მასალა აკავებს წყალს, მაშინ როცა შეკიდული ჭერი სისველეს ვერ უძლებს.
ჭერი, როგორც დეკორი:
ორივე სახის ჭერი საშუალებას გაძლევთ თქვენი ფანტაზია რეალობად აქციოთ: შექმნათ უნიკალური დიზაინი და განსხვავებული ინტერიერი. გასაჭიმ ჭერს აქვს უამრავი სახეობა: გლუვი და სარკისებრი, ვარსკვლავიანი ცის ეფექტით, სხვადასხვა ნახატით, მანათობელი გასაჭიმი ჭერი, ქსოვილის ფაქტურის და ა.შ. ფერთა არჩევანიც შეუზღუდავია. ამასთან, სარკისებრი გასაჭიმი ჭერი განათებას ირეკლავს და სივრცეს ვიზუალურად “ადიდებს”, ამიტომ მისი გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდებულია დაბალჭერიან შენობებში.
არანაკლებ საინტერესო იდეების განხორციელებაა შესაძლებელი შეკიდული ჭერის შემთხვევაში, მრავალდონიანი, სხვადასხვა განათებით, სხვადასხვა ფერებითა და ფორმებით.
მასალის გამოყენების პირობები: გთხოვთ მიუთითეთ წყარო: luxhome.ge